ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ამერიკული სამზარეულო საუკეთესო შერწყმაა წითელკანიანი ინდიელების, აფრიკელების, ევროპელებისა თუ აზიელი იმიგრანტების წეს-ჩვეულებების. სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ კულტურაზე ამ რეგიონში დასახლებულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა მოახდინეს ზეგავლენა. ამასთან, ქვეყნის ვრცელმა ტერიტორიამ გარკვეული ზეგავლენა იქონია ამერიკული სამზარეულოს ნაირსახეობაზე.
ეჭვგარეშეა, რაც პირველი მოგივათ აზრად ამერიკულ სამზარეულოსთან დაკავშირებით - ეს სწრაფი კვებაა. ამ კვალს თუ მივჰყვებით, პირველი, რაც გაგვახსენდება, არის ისეთი პოპულარული ამერიკული საკვები, როგორიცაა: ჰოთ-დოგი, ჰამბურგერი ან ბუფალო ვინგსი. ეს საკვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია და უმეტეს ქვეყნებში ხელმისაწვდომი. ამერიკული საკვები, რომელიც ძირითადად სწრაფი კვებითაა წარმოდგენილი, მაღალ-კალორიული და არც თუ ისე ჯანმრთელია; საკვების მიღების ამერიკული წესიც სისწრაფესთანაა დაკავშირებული - ძირითადად სახლიდან შორს, ე.წ. სწრაფი „ლანჩ-ბრეიქების“ სახით.
ამის მიუხედავად, ამერიკული სამზარეულოს ნაწილია ტრადიციული წვნიანები, ნამცხვრები, მარინადები და სალათები, რომლებიც ბოსტნეულისა და ხილის არაჩვეულებრივი კომბინაციაა. ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს ისეთ მნიშვნელოვან ბოსტნეულს, როგორიცაა ტკბილი სიმინდი და გოგრა. ტკბილი სიმინდი ფართოდ გამოიყენება, როგორც ძირითადი ინგრედიენტი ანდა დანამატი ბოსტნეული სხვადასხვა კერძისთვის. მსოფლიოში ცნობილია სიმინდის კობები, რომელიც მარილითა და კარაქით მზადდება, ასევე პოპკორნი ან სიმინდის დოგები - სიმინდის ფქვილში ამოვლებული და კარგად დაბრაწული სოსისი. გოგრაც ასევე განსაკუთრებული ბოსტნეულია. ის ძირითადად ჰელოუინის დღესასწაულთან არის დაკავშირებული, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დროს ამერიკა ფერს იცვლის და ყველაფერი ნარინჯისფერი ხდება; ყველგან შენიშნავთ ამ ბოსტნეულს შიგთავსის გარეშე ლამპიონებისა და დეკორაციების სახით. ყველაზე განთქმული კერძი გოგრის წვნიანი და გოგრის ნამცხვარია.
ამერიკული კულტურის უცვლელი და ძირეული ნაწილია ფარშირებული ინდაური, ტკბილი კარტოფილითა და შტოშის სოუსით, რომელსაც მადლიერების დღისათვის ამზადებენ. ამ დროს მთელი ოჯახი იკრიბება მაგიდასთან სადილზე. დღესასწაული მოსავლის მიღებით გამოწვეულ მადლიერების ლოცვასთანაა დაკავშირებული. ამერიკული ცხოვრების სტილისათვის ასევე დამახასიათებელია წვეულებები მეგობრების წრეში სხვადასხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ეწყობა ეზოს წვეულებები „ბარბექიუებითა“ და „გრილებით“. გრილზე შეგიძლიათ მოამზადოთ ყველაფერი: ხორცი, ბოსტნეული, ხილი; თუმცა ნამდვილ ამერიკულ ბარბექიუს ძირითადად ნეკნები და ქათმის ფრთები წარმოადგენს სხვადასხვა სოუსით. ამერიკულ სამზარეულოში არანაკლებად პოპულარულია სალათები. თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობით სალათი „ცეზარი“ სარგებლობს; ასევე პოპილარულია „ჩოპ“ სალათი ბოსტნეულითა და მოხარშული კვერცხით. ამერიკული სალათის ერთ-ერთ სახესხვაობას წაროადგენს კომბოსტოს სალათი, კომბოსტოთი და სტაფილოთი, და ასევე „ვალფორდის სალათი“ ნიახურით, ვაშლითა და თხილით.