იაპონური სამზარეულო

14.09.2009

სხვა ქვეყნების სამზარეულოებთან შედარებით მასში თითქმის არ გამოიყენება სანელებლები და მზადდება ბრინჯის, სოიოს პროდუქტების, თევზის, ზღვის წყალმცენარეებისა და ბოსტნეულის გამოყენებით. იაპონური სამზარეულო ცნობილია მარტივი, ლამაზად მომზადებული კერძებით, სადაც არც ერთი ინგრედიენტი არ ფარავს დანარჩენების გემოს.

სუში

სუშის ისტორია დაახლოებით 1300 წელს ითვლის. სუში ისეთი სახით, როგორითაც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი, პირველად იაპონელი მზარეულის – ჰანაია იოჰეის მიერ მომზადდა. ზოგადად, იგი შედგება თევზის თხელი ნაჭრისგან ბრინჯის ბურთთან ერთად იაპონური პირშუშხას – ვასაბის არომატით. მის მოსამზადებლად საუკეთესო ხარისხის ბრინჯი გამოიყენება, რომელიც ძმრითაა შეზავებული. მისი ერთ-ერთი ინგრედიენტი თევზია - მხოლოდ მისი ყველაზე საუკეთესო ნაჭრები.
Japanese Cooking and Recipes

ნატურალური და ჰარმონიული...

იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ–ერთი მიზეზი მათი ტრადიციული დიეტაა. იაპონური სამზარეულო მნიშვნელოვნად იცავს სეზონურობის კანონს, რაც გამოიხატება ისეთი ინგრედიენტების შერჩევაში, რაც იმ სეზონისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის ე.წ. „შუნის“ კონცეფცია, როდესაც თევზი, ბოსტნეული და ხილი ყველაზე მდიდარია ნივთიერებებით – წელიწადის მხოლოდ 10 დღის განმავლობაში. იაპონიაში კლიმატი განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, თუმცა რაღაც მაინც აქვს ყველას საერთო... თითქმის ყველა კერძის ძირითად ნაწილს ბრინჯი შეადგენს. მთელს იაპონიაში კლიმატი ხელს უწყობს ამ მოთხოვნადი მცენარის ზრდას. უფრო მეტიც, ისტორიის განმავლობაში იაპონიაში ხორცს თითქმის არ ჭამდნენ გარდა თევზისა. ხორცი არც ახლაა ძალიან პოპულარული. მოკლედ რომ ვთქვათ, იაპონური სამზარეულოს დასახასიათებლად ორი სიტყვაც საკმარისია: „ნატურალური და ჰარმონიული“.

სუშის სახეობები:

ნიგირი – ბრინჯის ბურთები ტუნას ნაჭერთან, კრევეტთან, რვაფეხასთან და შემწვარ კვერცხთან ერთად;
გუნკანი – ბრინჯის ფიალა მშრალ წყალმცენარეებთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად;
ნორიმაკი – გადახვეული სუშის ბრინჯი და წყალმცენარეები სხვადასხვა შიგთავსით;
ტემაკი – მშრალ წყალმცენარეებში გადახვეული ბრინჯი ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის შიგთავსით;
ოში – ხის ყუთში დაპრესილი თევზი და ბრინჯი ერთად;
ჩირაში – სუშის ბრინჯზე განაწილებული ზღვის პროდუქტები, ქამა სოკო და ბოსტნეული.

იაპონური ჭამის წესები

  • არასოდეს მიაწოდო საჭმელი სხვას შენი ჩხირებით (ამას უკავშირებენ ბუდისტურ დაკრძალვის რიტუალს, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გადააწვდიან გარდაცვლილის ფერფლით სავსე ყუთს); თუ საკვების გაზიარება გსურთ, მიაწოდეთ თეფშით და იგი თვითონ აირჩევს.
  • თუ ერთი თეფშიდან აპირებთ ჭამას, გამოიყენეთ ჩხირების ორივე ბოლო.
  • სუში შეიძლება ხელით იჭამოს, საშიმი – მხოლოდ ჩხირების გამოყენებით.
  • ყოველთვის ეცადეთ ჩხირები არა შუა, არამედ ბოლო ნაწილით დაიკავოთ.
  • არასოდეს გამოიყენოთ ჩხირები თეფშის თქვენკენ მოსაწევად.
  • არ მოკბიჩოთ საჭმლის ნაწილი და დანარჩენი თეფშზე არ დააბრუნოთ;
  • არ მოითხოვოთ დანა.
  • არასოდეს დადოთ ჩხირები თქვენს თეფშზე (ამ შემთხვევაშიც, იაპონელები ასოციაციას აკეთებენ დაკრძალვის ცერემონიალთან)
  • ეცადეთ ბრინჯი ბოლომდე შეჭამოთ; საჭმლის თუნდაც მცირე ნაწილის დატოვება უტაქტობაა, ხოლო ბრინჯის დატოვება უკიდურესად მიუღებელი (პრაქტიკულად, ეს აკრძალვა მხოლოდ იაპონიაში მოქმედებს).
  • არავითარ შემთხვევაში არ მოუკიდოთ სიგარეტს; თამბაქოს კვამლი საშუალებას არ აძლევს დანარჩენებს შეიგრძნონ დელიკატური კერძების გემო და სურნელი; უფრო მეტიც, სწორედ სურნელის მეშვეობით გამოიცნობა, ახალია თუ არა თევზი.
  • სოიოს სოუსი გათვალისწინებულია თევზისთვის – არასოდეს გაჟღინთოთ მთელი სუში ამ სოუსით.
  • როდესაც წვნიანს მიირთმევთ, შეიძლება შეხვრიპოთ, მაგრამ არ შეიძლება ბოყინი; შეგიძლიათ ჯამი პირთან ახლოს მიიტანოთ და „მაგარი“ ნაწილები ჩხირებით ამოკრიფოთ, დანარჩენი კი დალიოთ.
  • საკე უმჯობესია ჭამის წინ ან შემდგომ დალიოთ; ღვინო ბრინჯს უბრალოდ არ უხდება; ჭამის დროს შეგიძლიათ ლუდის, თეთრი ღვინის, ჩაის ან წყლის დალევა; ტრადიციულად საკე მხოლოდ საშიმთან ერთად მოაქვთ.
  • ლუდი ან საკე მაგიდასთან მჯდომი ყველა ადამიანისთვის ისხმევა; იაპონიაში მიღებული არ არის, ყველამ თავისი ბოთლიდან დალიოს.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე