მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოები

14.09.2009

ლამაზად კვება

მსოფლიოს სამზარეულოები თქვენს თეფშზე!

თუ მოინდომებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საჭმელის მომზადება არც მოსაწყენია და არც მონოტონური. გეპატიჟებით, ერთად მოვაწყოთ მსოფლიოს გარშემო კულინარიული მოგზაურობა. ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ ახალი გემო და ახალი სიამოვნება. თქვენ გაეცნობით სადილობის რიტუალებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რომელი გაჩერება იქნება ყველაზე გემრიელი? თქვენ დააგემოვნებთ მზიან იტალიურ, ცეცხლოვან მექსიკურ, ჩინებულ ფრანგულ ან სულაც სულისშემკვრელ და უბადლო აღმოსავლურ არომატებს. აღმოაჩინეთ თქვენთვის სასურველი გემო ახლავე და აქვე. თავდაპირველად, ერთად ვეწვიოთ ბერძნულ სამზარეულოს, სადაც აღმოვაჩენთ იტალიური და თურქული სამზარეულოების იდეალურ ნაზავს. ბერძნული სამზარეულო ზეითუნის ზეთზე, ბოსტნეულსა და მწვანილზეა დაფუძნებული, რაც ასე დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის რეგიონისათვის. ბერძნული სამზარეულოს მთელი საიდუმლოება ერთობლივ ნადიმშია. ბერძნებს უყვართ გემრიელად ჭამა; ამიტომაც აფასებენ გემრიელ სამზარეულოს. არც ისაა გასაკვირი, რომ მათ შეუძლიათ დიდი მანძილი გაიარონ გემრიელ რესტორნამდე, სადაც საუკეთესო სოუვლაკი (ბერძნული ძირითადი კერძი) დახვდებათ. ჩვენი მოგზაურობა ამჯერად ესპანეთში განვაგრძოთ, რომელიც შედარებით ნაკლებად მომთხოვნია საკვების მიმართ. იგი თავისი ხორცის, თევზისა თუ ბოსტნეულის მრავალფეროვნებით მოგხიბლავთ. ის ფლობს იმ ხალხების სამზარეულოს უნიკალურ გემოებს, რომლებიც ძველად იბერიის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ. ესპანური სამზარეულო ცნობილია მისი პაელათი და გასპაჩოთი. შემდეგი გაჩერება იაპონიაა. მისი სამზარეულო ნატურალური და ჰარმონიულია, და ასევე აღიარებულია როგორც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი. სუში ბარები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისეთი ხშირია, როგორც სოკოები წვიმიანი ამინდის შემდეგ. თეთრი ბრინჯი და სოიო თითქმის ყველა კერძის ინგრედიენტია. იაპონური სამზარეულო გვაოცებს მისი უბრალოებით, თუმცა ყველასთვის არ არის მისაღები მისი ნედლი მასალისა და ფორმების გამო. იაპონიაში ჭამა მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არაა, არამედ ის არის მაღალესთეტიური და ერთგვარად მისტიკური რიტუალი. ლამაზად გაფორმებული კერძები განსაკუთრებით ემოციურად განგაწყობთ და გარემოსთან ერთად სამუდამოდ დაგრჩებათ გულსა და გონებაში. მექსიკური სამზარეულო უკანასკნელ წლებში დიდი ვნებათაღელვის საგანი გახდა. ამიტომ მივემგზავრებით მექსიკაში, სადაც ესპანელმა დამპყრობლებმა თავიანთი კვალი დატოვეს ყველგან, მათ შორის სამზარეულოშიც. ორი სამზარეულოს ასეთი შერწყმის შედეგად წარმოიქმნა ძალიან არომატული და ცეცხლოვანი მექსიკური სამზარეულო. ესპანელების მოსვლამდე სიმინდი ძირეული საკვები იყო და მისგან მექსიკურ პურს - ტორტილას აცხობდნენ. ახლა კი ვეწვიოთ სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს მრავალი გურმანის მიერ აღიარებულია როგორც ყველაზე გემრიელი - ეს იტალიური სამზარეულოა. ცნობილია, რომ ზოგიერთი იტალიური კერძი ჩვ.წ. აღ.-მდე IV საუკუნითაც კი თარიღდება. ინგრედიენტებს შორისაა ნივრის, ზაფრანის, ველური თავშავისა და ზეითუნის ზეთის შეუდარებელი არომატები. კერძები არ არის ძალიან დატვირთული, მაგრამ გაჯერებულია მდიდარი არომატითა და სურნელებით, ცოცხალი მწვანილების, პომიდვრის, წიწაკისა თუ ხახვის არომატებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო პიკანტური ხორცი, სწორედ იტალიური მზის ქვეშაა გამშრალი. shutterstock_151573178 crop სპაგეტი და პიცა - ეს სიმბოლოებია, თუმცა ისინი კარგად ვერ ასახავენ არომატების იმ მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს, რაც დამახასიათებელია იტალიის ცხრამეტი განსხვავებული რეგიონისათვის. შემდეგი გაჩერებისათვის ჩინებული ფრანგული სამზარეულო ავარჩიეთ - გურმანებისა და კულინარების მორიგი ფავორიტი. ჭამა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი ფრანგისათვის, ამიტომ არაა გასაკვირი რომ სწორედ ფრანგებმა შექმნეს ე.წ. „savoir – vivre“ ხელოვნება. კულინარიაში ყველაზე დილეტანტმა ადამიანმაც კი იცის ისეთი ფრანგული კერძების დასახელებები, როგორიცაა ტარტი, ხახვის სუფი ანდა ცნობილი ბაგეტი; არანაკლებად ცნობილია ბაყაყის ფეხები ანდა სხვადასხვაგვარად მომზადებული ლოკოკინები. ზემოთ ჩამოთვლილი მსოფლიოს სამზარეულოები ჩვენი კულინარიული მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ ბევრი გემრიელი გაჩერება გველოდება. აქ არის თქვენი გიდი მსოფლიო სამზარეულოების არომატებში. შეისვენეთ თითოეულ მათგანთან და დააგემოვნეთ თქვენთვის სასურველი კერძები. გემრიელად მიირთვით!

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე